Saturday, October 12, 2024

მედიასთან შეხების მაღალი ხარისხი

ადამიანები მედიასთან დიდ დროს ატარებენ. უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში მედიის გამოყენების შესახებ თითოეულმა ახალმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ადამიანის მედიასთან შეხების სიხშირე ყოველწლიურად იზრდება. 2000 წლისათვის ეს მაჩვენებელი დღეში დაახლოებით 8 საათს აღწევდა. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მედიასთან შეხების სიხშირის ზრდა გამოწვეული იყო მრავალი ამოცანის ერთდროული შესრულებით, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში. მაგალითად, დოქტორებმა დ.ფ. რობერტსმა და ფორმა (2008) აღმოაჩინეს, რომ 8-18 წლის ასაკის ბავშვი ყოველდღიურად ელექტრონულ მედიასთან დაახლოებით 7:50 საათს ატარებს, თუმცა, ეს მედიასთან შეხების მხოლოდ 5:48 საათის განმავლობაში ხდება. გამოდის, რომ მედიასთან შეხების მაჩვენებელი არ არის შეზღუდული 24 საათით. მრავალი ამოცანის ერთდროულად შესრულებისას, ადამიანს შეუძლია ერთსა და იმავე დროს უსმინოს მუსიკალურ ჩანაწერს, ტექსტური შეტყობინებები უგზავნოს მეგობარს, უყუროს ვიდეოს კომპიუტერის ერთ-ერთ ფანჯარაში და, ამგვარად, თითოეულ ჩვეულებრივ საათზე მედიასთან შეხების სამი საათი დააგროვოს.

მედიასთან ჩვენი შეხება ყოველწლიურად იზრდება, მეტწილად ვიდეოთამაშებისა და კომპიუტერის გამოყენების გამო, რაც, როგორც წესი, სხვა მედიასაშუალებებთან შეხების პარალელურად ხდება; განსაკუთრებით ეს ეხება მუსიკის მოსმენასა და ტელევიზორის ყურებას (დ.ფ. რობერტსი და ფორი, 2008). თანამედროვე ტექნოლოგიები განსაკუთრებით პოპულარულია 8-დან 18 წლამდე ასაკის ადამიანებში. კაიზერის ოჯახის ფონდის მიერ შედგენილ ანგარიშში ისინი დახასიათებულნი არიან, როგორც „მედიათაობა“ - მათ მიერ მედიის ასე ხშირად გამოყენების გამო. ამ ანგარიშის თანახმად, ბავშვები და მოზარდები დღეში 49 წუთს უთმობენ ვიდეოთამაშებს და დამატებით 1:02 საათს ატარებენ კომპიუტერთან (კაიზერის ოჯახის ფონდი, 2005).

აშკარაა, რომ მედია ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია. პირდაპირ თუ ირიბად, მედიასთან მუდმივად ვართ დაკავშირებულნი. როდესაც ვისმენთ მედიაშეტყობინებას (მაგალითად, მუსიკალურ ჩანაწერს ვუსმენთ, ვიდეოს ვუყურებთ, ჩვენი მეგობრების მოსაზრებებს ვუგდებთ ყურს), ეს მედიასთან ირიბი შეხებაა. ინფორმაციით გაჯერებულ გარემოში მედიის საშუალებით ვუკავშირდებით მეგობრებს, საზოგადოებას და მთელ მსოფლიოს.


https://medialiteracy.ge/uploads/library/mediawigniereba-63.pdf

No comments:

Post a Comment