Saturday, October 12, 2024

ინფორმაციის პრობლემა

 ცალკეული ადამიანისთვის და საზოგადოებისთვის ინფორმაცია ყოველთვის პრობლემა იყო. ათასწლეულების განმავლობაში პრობლემად რჩებოდა ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ საკმარისი ინფორმაციის შექმნა და შემდეგ ადამიანებისათვის ამ ინფორმაციის მიწოდება. მასმედიის განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებით, უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე, პრობლემა გახდა არა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, არამედ თავის დაცვა ზედმეტი ინფორმაციისაგან.

 

ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისაგან, რომელშიც ადამიანები ოდესმე ცხოვრობდნენ. ის სულ უფრო მზარდი ტემპით იცვლება. ამ ცვლილებას განაპირობებს ინფორმაციის გენერირებისა და მისი გავრცელების მზარდი ტემპი და მედიაარხების მზარდი რაოდენობა. გზავნილები მიეწოდება ყველას, ყველგან და მუდმივად. თითოეულ ჩვენგანს ინფორმაციის დიდ ნაკადთან აქვს შეხება. ყოველწლიურად მედია სულ უფრო აგრესიული ხდება, რათა ჩვენი ყურადღება მოიპოვოს. ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციისთვის თვალყურის მიდევნება შეუძლებელია. იმ დროს, როდესაც მედია გამუდმებით გვთავაზობს მილიონობით გზავნილს ნებისმიერ თემაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა კარგი არჩევანია.

დღეს ბევრად რთული გახდა არა ინფორმაციის მოძიება, არამედ ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში გარკვევა. ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა ერთმანეთისგან ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა. სწორედ ამ გამოწვევამ გააჩინა თანამედროვე, 21-ე საუკუნის ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიაწიგნიერების კომპეტენცია. ის, თუ როგორ ახერხებს ადამიანი ზღვა ინფორმაციისა და ამ ინფორმაციის გამავრცელებელ უამრავ წყაროსთან ურთიერთობას, განსაზღვრავს მის წარმატებას, მის ადგილს საზოგადოებაში, სარგებელსა და ზიანს, როგორც პირად, ისე საზოგადოების ცხოვრებასა და ყოველდღიურობაში.


ინფორმაციის ნაკადიდან საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის გამოცალკევება, მისი გაგება და ანალიზი, მედიასთან ურთიერთობისას მეტი სარგებლისა და ნაკლები ზიანის მიღება, მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციის კრიტიკულად გააზრების უნარების განვითარება, მედიაპროდუქტების შექმნაში გაწაფულობა, დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. https://medialiteracy.ge/uploads/library/mediawigniereba-63.pdf https://mastsavlebeli.ge/wp-content/uploads/2023/10/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.pdf

No comments:

Post a Comment